კომაროვის სკოლას, ჩვენი კურსდამთავრებული და სტენფორდის უნივერსიტეტის პირველი ქართველი დოქტორი დავით ცირეკიძე ესტუმრა!
- 09 ოქტომბერი, 2018
კომაროვის სკოლას, ჩვენი კურსდამთავრებული და სტენფორდის უნივერსიტეტის პირველი ქართველი დოქტორი დავით ცირეკიძე ესტუმრა.
დავითმა წარმატების შესახებ ძალიან ინსპირაციული საჯარო ლექცია ჩაატარა. მან კომაროველებს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ესაუბრა, რომელიც არც ისე ადვილი იყო. ის ფიქრობს, რომ ყველას შეუძლია მიაღწიოს სასურველ მიზანს, მთავარია მიზნის დასახვა და არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება შეგვეძლოს.
დავითს არაერთი წარმატება აქვს სასკოლო თუ საუნივერსიტეტო ოლიმპიადაებში. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი, რომლის დამთავრების პერიოდშიც უკვე აქვეყნებდა სამეცნიერო სტატიებს. თუმცა, მისი მიზანი მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში სწავლა იყო და ყველაფერს აკეთებდა ამისთვის.
დავითი ISET-ის ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე მაგისტრი (VALEDICTORIAN) გახდა და მიიღეს ამერიკის ტოპ უნივერსიტეტებმა: სტენფორდის უნივერსიტეტმა, ნიუ იორკის უნივერსიტეტმა და კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტმა. დავითმა არჩევანი სტენფორდზე შეაჩერა, რადგან უნივერსიტეტების რეიტინგში სტენფორდი მუდმივად ხვდება მსოფლიოს სამ საუკეთესო უნივერსიტეტს შორის.
დავითი 6 წელი სწავლობდა და მუშაობდა სტენფორდში დისერტაციაზე ახლა კი უნივერსიტეტის პირველი ქართველი დოქტორია.
ლექცია განხორციელდა კლუბი KITE-ს (Komarov International Talk for Education) დახმარებით, რომელიც წელსაც აგრძელებს ფუნქციონირებას. კლუბის მიზანია სკოლაში საინტერესო ადამიანების მოწვევა, რომელთა საუბრების მოსმენის საშუალებით სკოლის მოსწავლეები შეძლებენ მათთვის აქამდე უცნობი თემების სწავლას ან ნაცნობი თემების ახლებურად დანახვას. კლუბის ხელმძღვანელები არიან მოსწავლეები, ალექსანდრე ამაღლობელი და არჩილ თოდუა.
კომაროვის სკოლა ამაყობს და მადლობას უხდის დავითს საინტერესო ლექციისათვის და კლუბ KITE-ს ლექციის ორგანიზებისთვის.